მოსკოვში 60 წლის ასაკში ეროვნებით ქართველი ყოფილი "კანონიერი ქურდი" დავით დანელია გარდაიცვალა. დანელია კრიმინალურ სამყაროში "სულელას" ზედმეტსახელით იყო ცნობილი. რუსული მედიის ინფორმაციით, დანელია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება, რაც ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით მიღებამ გამოიწვია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოთხგზის ნასამართლევი დანელია ქუთაისის იმ "სახელგანთქმულ" ქურდულ ოჯახს მიეკუთვნებოდა, რომელიც 70-80 იან წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით "გრგვინავდა", თუმცა მან თავისი ცხოვრების ბოლო ნაწილი, ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის გარეშე გაატარა.
სულელამ "კანონიერი ქურდის" ტიტული ნარკოტიკებისათვის 2 000 რუსული რუბლის დახარჯვის გამო დაკარგა, ეს თანხა კი მან იმ ე.წ. ობშიაკიდან აიღო, რომელიც ქუთაისელი "კანონიერი ქურდის" რევაზ აბზიანიძის (ზედმეტსახელად "რამაშკას") დაკრძალვისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ, ე.წ. რამაშკას შვილი, სახელად ბესო, ე.წ. ქურდი გახდა, მან ჰკითხა სულელას, თუ სად იყო ფული. სულელამ კი უპასუხა, რომ ფული მის სახლში იყო. ამით დანელიას "ტიტულიანი" ცხოვრება დასრულდა.
მიუხედავად ამისა, ქუთაისელები აგრძელებდნენ სულელას მხარდაჭერას. 90-იანი წლების ბოლოს ეს ე.წ კანონიერ ქურდებს, როლანდ ჩიკვაიძესა და დათო სებისკვერაძეს შორის კონფლიქტის საბაბიც გახდა. საქმის გარჩევის შემდეგ როლანდს ასევე შეუჩერეს "კანონიერი ქურდის" უფლებამოსილება, დანელიას კი თავს დაესხნენ და ამ თავდასხმის შედეგად იგი ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კრიმინალურმა ავტორიტეტებმა "კანონიერი ქურდის" წოდება გარდაცვლილის მოგვარეს, რამაზ დანელიას ჩამოართვეს.