ეროვნებით ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით ედიშერაშვილი ტუვაში არსებული კიზილის კოლონიის გამანაწილებლიდან გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 34 წლის ედიშერაშვილი კრიმინალურ წრეებში "ბაგორისა" და "დატო ტბილისკის" ზედმეტსახელებითაა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა გაქცევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტუვის უმაღლესმა სასამართლომ უარი განაცხადა მისი სარჩელის განხილვაზე, რომელშიც დავით ედიშერაშვილი კიზილის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვდა მისი რუსეთის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ. გაქცევის სხვა გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ედიშერაშვილი მოსკოვში 2003 წელს დააკავეს და თანამზრახველთან ერთად მოსკოვის ბინების გაქურდვების გამო მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მის თანამზრახველს 9 წლით.
ედიშერაშვილი რეჟიმის დარღვევის გამო გამუდმებით გადაჰყავდათ ერთი კოლონიიდან მეორეში. ელცისა და დიმიტროვგრადის კოლონიებში ყოფნის შემდეგ იგი კიზილის კოლონიაში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს ადმინისტრაციის ზეწოლით მან დაწერა განცხადება, რომელშიც "კანონიერი ქურდის" წოდებაზე უარს ამბობდა.
ედიშერაშვილი კოლონიიდან 2011 წლის 2 აგვისტოს გათავისუფლდა. გამასწორებელი კოლონიიდან გასვლისას კი პოლიციამ კვლავ დააკავა და მას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის წესების დარღვევაში დასდო ბრალი.