დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს "მაგ-ელდორადოს" დირექტორი მაგული ნარსია და თანამშრომელი ნანი აბულაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარსია და აბულაძე სამეწარმეო საქმიანობის დროს, ძვირფასი მეტალებით და თვლებით ვაჭრობისას, სასაქონლო ზედნადების გარეშე ახდენდნენ დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, საიუველირო ნაკეთობების ღირებულება დაახლოებით 21 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200 3 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.