"ინტერპოლმა" ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის, მისი ვაჟის სეიფ ალ-ისლამისა და სადაზვერვოს სამსახურის შეფის აბდულა ალ-სენუსის ძებნა წითელი ცირკულარით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპოლი" საკუთარ ვებ.გვერდზე აქვეყნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება "ინტერპოლმა" საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
სასამართლო კადაფისა, მის ვაჟსა და სენუსის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. მუამარ კადაფის ადგილსამყოფელს 21 აგვისტოს ტრიპოლიში მეამბოხეების შესვლის შემდეგ ეძებენ. "ინტერპოლის" განცხადების თანახმად, მუამარ კადაფის წითელი ცირკულარით ძებნის ცნობა ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას გადაეცა. სულ "ინტერპოლში" 188 ქვეყანაა გაწევრიანებული.