საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის განცხადებით, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით.
2011 წლის 6 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საიას თავმჯდომარემპრესკონფერენცია გამართა, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შეეხებოდა.
"26 მაისის შემდეგ საია აქტიურად მუშაობს აქციის დაშლის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.უახლოეს მომავალში საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშის საგანი აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროულად აცნობოს მათ შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება მოსთხოვოს.
ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საიამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd1 სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა. ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით ჩვენ ექსპერტ კენეტლინჯს2 გავუგზავნეთ 1. რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა, 2. ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო(ფოტო #2) და 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს DABS Fingerprints/Forensics Ltd მა გამოგვიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა (იხ. დანართი). ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და #4 სურათზე (რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეოსამსახველი ფოტო მასალა) გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ 7 მსგავსების ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის,ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე, რომელიც დაფიქსირდა როგორც #4 ფოტოზე, ისე სიკვდილის შემდეგ პროზექტურაში გადაღებულ ფოტოზე. ვიდეო ჩანაწერის შემოწმების შედეგად ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეო მასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეო მასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული. ამდენად, ფოტო ექსპერტიზამ და ადასტურა, რომ აქციის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეო და ფოტო მასალაზე გამოსახული პირი ნიკა კვინტრაძეა და აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე დაკავებული იყო პოლიციის მიერ", - განაცხადა საიას თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შეეხებოდა.
ჩუგოშვილის თქმით, ზემოთ აღნიშნული გარემოება საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად სათანადო გამოკვლევას საჭიროებს.
"თუმცა, ფოტო ექსპერტიზის დასკვნა დასაბუთებულ ეჭვებს აჩენს შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მარკეტის სახურავზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ. იმ ვითარებაში, როდესაც ექპერტიზის დასკვნით დასტურდება,რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციას ჰყავდა დაკავებული (ვიდეო და ფოტო მასალაში ჩანს, რომ მას ხელბორკილი ადევს) და ამ ტერიტორიაზე პოლიცია ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა მთელი ღამის (26 მაისი) და აღლუმის მიმდინარეობის განმავლობაში, სადავოა, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ ნიკა კვინტრაძე და 60 წლის სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მარკეტის სახურავზე", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე მტკიცებით, ამ მიმართებით საინტერესოა, რომ საიამ მოიპოვა მოწმის ახსნა-განმარტება (მის ვინაობას საია მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ახმაურებს),რომელიც 26 მაისს აქციის დაშლის დროს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმალებოდა და 26 მაისს დილით ეს ტერიტორია სწორედ ამ მარკეტის სახურავიდან დატოვა. თავის ახსნა-განმარტებაში მოწმე აღნიშნავს, რომ ამ ადგილას მას არავის გვამი არ უნახავს.
"ამდენად, ფოტო ექსპერტიზის დასკვნა აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ იყო დაკავებული აქციის ტერიტორიაზე და ის პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. იმ ვითარებაში კი, როდესაც აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული იყო აშკარად გადამეტებული ძალა, რომელსაც შედეგად მოყვა აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები, ისევე როგორც უკვე სამმართველოებში დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის არა ერთი ფაქტი დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ, ჩნდება დასაბუთებული ეჭვები, რომ ნიკა კვინტრაძის გარდაცვალება პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ნიკა კვინტრაძის დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება. ასეთ შემთხვევაში ასევე სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, თუ როგორ და რაპირობებში მოხდა ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფა", - აღნიშნა საიას თავჯდომარემ.
ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საია ფოტო ექსპერტიზის დასკვნას უგზავნის პროკურატურას და სთხოვს სათანადო რეაგირება მოახდინოს ჩვენ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე და საზოგადოებას დროულად წარმოუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები; საია ითხოვს გამოძიებამ პასუხი გასცეს ყველა იმ დასაბუთებულ ეჭვს, რომელიც, მათ შორის, ფოტო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ნიკა კვინტრაძისა და ასევე, სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე ჩნდება და ამ მიზნით გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რომელსაც გამოძიება ეყრდნობა; საია ითხოვს, სახელმწიფომ უზრუნველყოს პროცესუალური გარანტიების დაცვა მოცემულ საქმეზე დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად. ამ მიზნით საია მოუწოდებს სახელმწიფოს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვების დასაძლევად და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები.
"საბოლოო ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, საია სრულყოფილად წარმოადგენს მის მიერ მოპოვებულ დამატებით ფაქტობრივ გარემოებებს კვინტრაძისა და ასათიანის, ისევე როგორც აქციის დაშლის დროს ან მასთან კავშირში დაფიქსირებული სიცოცხლის ხელყოფის სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ცხადია, საია ითვალისწინებს ნიკა კვინტრაძის ოჯახის წევრების მდგომარეობას, რომელიც მათ ამ ფაქტის საჯარო განხილვით ექმნებათ და წუხილს გამოთქვამს, რომ მათ კიდევ ერთხელ უწევთ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მძიმე ფაქტების მოსმენა. თუმცა, მოცემულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საზოგადოება ვალდებულია, მოახდინოს გამოძიების მონიტორინგი და მას არ აქვს მორალური უფლება თავი შეიკავოს სერიოზული უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასებისგან", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.