6 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საიას თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი, პრესკონფერენციას გამართავს. თემა ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებებია.
"კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო. 27 მაისს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 მაისს დილით პოლიციამ ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გვამები თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე აღმოაჩინა. შსს მტკიცებით, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან შეხება", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მათი განცხადებით, მოგვიანებით მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო- და ფოტომასალა და მოწმის ახსნა-განმარტება, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აქციის დაშლის დროს კვინტრაძე პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
"ეს ინფორმაცია შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილიმა თავის ოფიციალურ კომენტრაში უარყო და მიუთითა, რომ შსს-მ ნიკა კვინტრაძის ფოტოს შეადარა გავრცელებული ფოტოები და ვიდეომასალა და დაადგინა, რომ ამ ფოტოებზე და ვიდეოში ნიკა კვინტრაძე არ არის გამოსახული", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრესკონფერენციაზე საია წარმოადგენს და სათანადო რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გაუგზავნის მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და დამატებით ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც შესაძლოა, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს ნიკა კვინტრაძისა და ასევე, სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ეფექტიანი და ობიექტური გამოძიებისათვის.