ENG / RUS       12+

Time: საქართველოს რუსეთის გარემოცვაში სტრატეგიული ალიანსების შექმნა სურს

"საქართველოს რუსეთის გარემოცვაში სტრატეგიული ალიანსების შექმნა სურს", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Time-ი აქვეყნებს.

სტატიის ავტორის ნათან თორნბერგის აზრით, ომიდან სამი წლის შემდეგ, რაც ფაქტობრივად მეგობრობის კრახი იყო, რადგან ვაშინგტონელი მოკავშირეები მასთან ერთად არ ჩაერთვნენ ომში რუსეთთან და არ აღკვეთეს საქათველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვა, პრეზიდენტ სააკაშვილს ახალი მეგობრებით ბაქიაობა სურს.

"და აი ისინიც: შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიაში საზაფხულო ბანაკში კოცონის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდები, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ სველია, რადგან ეს-ესაა აუზიდან ამოვიდა. მათ შორის ზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სიტყვით გამოდის, მაგრამ ის მხოლოდ მათ არ ესაუბრება. ის ტელეკამერების წინ საუბრობს, რომლებიც მის გამოსვლას ნაციონალური ტელევიზიისთვის იწერენ. ის მე მესაუბრება და შესაბამისად თქვენც, რა თქმა უნდა. მას სურს, რომ ჩვენ ყველამ ვიცოდეთ ამ ბანაკში მცხოვრები ბავშვების, თინეიჯერების ჯგუფის შესახებ, რომელიც ეთნიკური ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელებისგან შედგება. ბანაკს "ტოლერანტობა" ჰქვია. ისინი ფრენბურთს თამაშობენ, ერთმანეთის სიმღერებს სწავლობენ და ქართულ დროშას აფრიალებენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდათ მშვიდობა და არა რუსული ტანკები, რომლებიც აქედან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში, აჯანყებული აფხაზეთის საზღვართან პატრულირებენ. „ის რასაც თქვენ აქ ხედავთ, არის პასუხი ოკუპაციაზე" - ამბობს სააკაშვილი - „ჩვენ ვქმნით ისტორიას", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორის შეფასებითაც, " სააკაშვილი ყოველთვის იოლად ქმნიდა ისტორიას".

ჟურნალისტი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნების "მოხიბვლის კამპანიაზეც" საუბრობს და აღნიშნული ნაწილი სტატიაში სწორედ ამ ქვესათაურით აქვს გამოყოფილი.

"საქართველოს მისი კავკასიელი მეზობლების უმრავლესობისგან მთები აშორებს (რეგიონი, რომელიც ევროპის ზოგიერთი უმაღლესი მწვერვალის სახლია). ზაფხულის დასაწყისში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (2007 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მთის სიმაღლეებზე პატრულირებენ) მე და ფოტოგრაფი იური კოზირევი ერთ-ერთი როტაციული ფრენის დროს თან წაგვიყვანეს: რუსული წარმოების MI-8 ტიპის ვერტმფრენები ერთი მწვერვალიდან მეორემდე მიფრინავენ, ზოგჯერ ბრმად ღრუბლებში და ვიწრო ადგილებზე ეშვებიან საკონტროლო პუნქტების გვერდით, რომლებიც თითქოს სამყაროს სახურავს პატრულირებენ. ერთი შეხედვით ეს მშვიდი ლანდშაფტია, მაგრამ ამ მთების სიშორემ და იზოლირებულობამ სათავე დაუდო ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ეთნიკური ჯგუფებისა და ინტერესების მრავალფეროვნებას. ჩეჩნები არ ენდობიან ინგუშებს, ქართველები ავარებს დასცინიან, სომხები და აზერბაჯანლები ერთმანეთს ვერ იტანენ. სააკაშვილს ახლა ყველასთან მეგობრობა სურს. თუმცა, რუსები ამ ხალხების ერთმანეთზე გადაკიდების ოსტატები არიან. რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკას ჩრდილოეთ-კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ორი წარუმატებელი ომი ჰქონდა, მაგრამ ჩეჩენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში საქართველოსაც ებრძოდა, რომელსაც საკუთარი იმპერიული ლტოლვები გააჩნდა", - აღნიშნულია სტატიაში.

მასალის ავტორის აზრითვე, "უსაფრთხოება ტურიზმის გზით: ამ იდეის სამიზნე არა მხოლოდ ჩრდილოეთ-კავკასია, არამედ მეზობელი სახელმწიფოები აზერბაიჯანი და სომხეთი არიან".

"ეს დიდწილად ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნები საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ბუმისთვის სამიზნე ბაზარია. როდესაც ორი წლის წინ ანაკლიაში ვიყავი, ეს სოფელზე ოდნავ დიდი დასახლება იყო, სასიამოვნო პლიაჟით. დღეს ის თავბრუდამხვევ ტემპში შენდება, თითქოს ნახევრად დასრულებულიც კია, დასრულებულს კი ექნება აკვაპარკი, კაზინო, ღია დისკოთეკა, იახტების გასაქირავებელი, 5 000 იმპორტირებული პალმა და რატომღაც, „ჩაინათაუნი", რომელსაც აფხაზეთის სადავო საზღვრიდან ძალიან მცირე მანძილი (ერთი გასროლა) აშორებს. სააკაშვილს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან აქტიური სავაჭრო და ტურისტული კავშირები „გადამწყვეტია" საქართველოს, როგორც ერთიანი კავკასიის წამყვანი ცენტრის განვითარებისთვის", - ნათქვამია მასალაში, რომლის ქართულ თარგმანსაც Foreignpress-ი აქვეყნებს.

 

ავტორი: . .