ოფიციალური ანკარა თურქეთის ტერიტორიაზე ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების შესახებ განმარტებას აკეთებს. საგანგებო განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ გააკეთა.
"რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა - ეს არის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ნატო-ს პროექტია. ეს პროექტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეკუთვნის. მისი დამუშავებისას განისაზღვრა გარკვეული პრინციპები - ეს სისტემები არ იქნება დამიზნებული კონკრეტული ქვეყნისადმი", - განაცხადა დავუთოღლუმ.
მისივე განმარტებით, თურქეთის ტერიტორიაზე ახალი რადარის განთავსება, ნატო-სთან ერთად, თურქეთის თავდაცვის შესაძლებლობასაც გააძლიერებს.
ორი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ტერიტორიაზე ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.