ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე, რომელიც პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.
გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოსვენებულია. უმცროსი სერჟანტი ბერიძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა, ის ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა და III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.