პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლების დანერგვის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, ტექნიკური, თბილისის სახელმწიფო, აკაკი წერეთლის სახელობის და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა.
მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ სხვადასხვა ხელობა, ბუღალტერია, ბიზნესმენეჯმენტი და უცხო ენები.
სწავლების დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ.
პროფესიული განათლების კურსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსთავის №16 დაწესებულების ტერიტორიაზე ახლო მომავალში დასრულდება.
პარალელურად, შესაბამისი ინფრასტრუქტურა სასჯელაღსრულების კიდევ 2 დაწესებულებაში შენდება.