საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ეროვნული და უცხოური ვალუტის გაცვლის ფაქტებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი 20 პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან - შალვა ტაბატაძე, გოჩა მღებრიშვილი, ემზარ თედიაშვილი, ვიქტორ ვანილიში, ნიკოლოზ უგრეხელიძე, დარიკო გეორხელიძე, მალხაზ ახობაძე, არკადი როხვაძე, რომან ბიწაძე, ტარიელ თვალაბეიშვილი, ავთანდილ ხუციშვილი, ტარიელ აბულაძე, ელდარ გოცირიძე, იქრამ მამედოვი, ვალერი ყვირალაშვილი, ნოდარ კაციაშვილი, გოჩა გოგიაშვილი. ევხან ნასიბოვი, ნიჯათ ალიევი, ფიკრათ მუსაევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სპეციალური ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე ახორციელებდნენ სხვადასხვა ვალუტის ურთიერთგაცვლის ოპერაციებს.
შესაბამისად, საგადასახადო დოკუმენტაციის არ არსებობის გამო არ ახდენდნენ ანგარიშსწორებას სახელმწიფო ბიუჯეტთან.
ბრალდებულები უკანონო ფინანსურ საქმიანობას ეწეოდნენ სხვადასხვა რეგიონის ქალაქებში: გორში, ბათუმში, გურჯაანში, ლაგოდეხში, ქუთაისში, სამტრედიაში, ვანში, ზესტაფონში, ჭიათურასა და წყალტუბოში. აღნიშნული ქალაქების ცენტრალურ პუნქტებთან, ასევე ეკონომიკური საზღვრის, სარფის და წითელი ხიდის სასაზღვრო პორტალის ტერიტორიებზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას ძიება დაადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192 -მუხლის, პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 - დან 3 წლამდე ვადით.