მოსკოვის პოლიციამ ქართველთა დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც ძვირადღირებული ავტომანქანების მოპარვაში არიან ბრალდებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ფედერალური ოლქის სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საქმესთან დაკავშირებით ყველა ეჭვმიტანელი დაკავებულია", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ გამოძიება დაწყებულია ფართომასშტაბური ქურდობის ბრალდებით.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილბის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც დაჯგუფების წევრები მოსფილმის ქუჩაზე 3 მილიონ რუბლად შეფასებულ "BMW X6" მარკის ავტომობილის მოპარვას ცდილობდნენ.
დაკავების დროს ეჭვმიტანილებმა პოლიციას წინააღმდეგობა გააუწიეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.