სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში შესატანად სარჩელს უკვე ამზადებს. "თბილისის საქალაქო სასამართლოს ბადრი ბიწაძის საქმის განაჩენი ჯერ არ გადმოუცია. როგორც კი განაჩენს მივიღებთ, სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ", - განუცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს დაცვის მხარისთვის განაჩენის გადასაცემად 15 დღიანი ვადა აქვს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში იწურება.
შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად თავისუფლების 5,6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბიწაძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე იქნა ცნობილი. "ბადრი ბიწაძეს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით. საქმის მასალების მიხედვით: ბადრი ბიწაძე, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა - "სახალხო კრებასთან" შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება "შეფიცულები", 2011 წლის მაისის თვეში შეხვდა გია უჩავას და დაავალა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სანდო და ფიზიკურად ძლიერი "შეფიცულები"-ს მეშვეობით, ხელკეტებით, ასევე იარაღად სხვა საგნების გამოყენებით მოეწყო პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა, რაც უნდა გადაზრდილიყო მაშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.