ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კარდაკარ დადიან ადამიანები და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ან მოხუცთა დახმარების მოტივით მოსახლეობაში თანხებს აგროვებენ. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ქუჩებში, ასევე ბავშვთა სახლების დახმარების მოტივით, ჰყიდიან ხატებს და საეკლესიო კალენდრებს. თავისთავად საინტერესოა, რამდენად მიდის მოსახლეობის მიერ გაღებული დახმარებები დანიშნულების ადგილამდე, აქვთ თუ არა ამ ორგანიზაციებს კარდაკარ თანხების შეგროვების უფლება, ვინ აკონტროლებს მათ საქმიანობას და საერთოდ, ეს არის ქველმოქმედება თუ ჩვეულებრივი თაღლითობა?
დავიწყოთ იმით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მიუსაფარ მოხუცთა დახმარება სწორედ მისი კომპეტენციაა. სხვათა შორის, ეს სააგენტო სწორედ იმის გამო შეიქმნა, რომ წლების განმავლობაში ვერ კონტროლდებოდა ქველმოქმედების მიზნით გამოყოფილი თანხები. ტრადიციულად, დახმარების მსურველები პირდაპირ მიდიოდნენ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა პანსიონატებში, დაწესებულების ხელმძღვანელს გადასცემდნენ თანხას ან ინვენტარს და შემდეგ შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, მართლაც მოხმარდა თუ არა ეს თანხა ან ინვენტარი ქველმოქმედებას.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი ადასტურებს, რომ მათი სახელით მოსახლეობიდან თანხებს მართლაც აგროვებენ და ამის შესახებ ინფორმაცია მასაც გააჩნია. სააგენტოს დირექტორი ამბობს იმასაც, რომ ეს სერიოზული კანონდარღვევაა:
_ ეს თემა ჩვენთვისაც ძალიან პრობლემატურია. პირდაპირ, ცალსახად შემიძლია განგიცხადოთ, რომ არავითარი კავშირი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და ჩვენთან შემომავალ არც ერთ ფილიალთან ამ ადამიანებს არ აქვთ. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც აპელირებენ ბავშვთა სახლების სახელით და ითხოვენ დახმარებას. მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ამ ადამიანებს კრიმინალები დავარქვა, მაგრამ შემიძლია ცალსახად კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ისინი ჩვენი უწყების წარმომადგენლები არ არიან. სხვათა შორის, ერთი ფაქტის შესახებ შემიძლია გითხრათ, ჩემს საკუთარ ოჯახშიც მისულან და დედაჩემს მიუცია ხუთი ლარი. სამწუხაროდ მათ არ დაუტოვებიათ ჩეკი, სადაც აღნიშნული იქნებოდა ამ ორგანიზაციის დასახელება.
_ მოდით დავაზუსტოთ, ყველა ორგანიზაცია, რომელიც უპატრონო ბავშვთა სახლებისთვის ან სოციალურად დაუცველთათავის თანხებს აგროვებს, უკანონოა?
_ არა, სულ ასე არაა. შესაძლებელია არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მართლაც დასახმარებლად აგროვებს თანხებს, მაგრამ მას არ აქვს უფლება ჩვენგან დამოუკიდებლად მივიდეს რომელიმე პანსიონატში ან ბავშვთა სახლში და გადასცეს დახმარება. ანუ, ისინი უნდა მოვიდნენ სააგენტოში და სპეცსახსრების ანგარიშზე ჩარიცხონ ეს თანხა. თუ ვინმე დაწესებულების ხელმძღვანელს ჩვენთან შეთანხმების გარეშე გადასცემს თანხებს, ეს უკვე დარღვევაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე თანხის კი არა, ინვენტარის ან საკვების გადაცემას ეხება, პანსიონატმა ან ბავშვთა სახლმა ეს უნდა აიყვანოს ბალანსზე და შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდის ჩვენ.
თავისთავად რთულია მოსახლეობამ დაადგინოს, კონკრეტული ადამიანი, რომელიც კარდაკარ შემოწირულობას რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით აგროვებს, რიცხავს თუ არა შეგროვილ თანხებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ანგარიშზე. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები საგადასახადო მარტივი ტიპის ჩეკებით დადიან, რომლის შეძენაც ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში შეიძლება. ჩეკზე მითითებულია მათი ორგანიზაციის სახელწოდება და დახმარების შემთხვევაში ისინი ადგილზევე გამოწერენ მიღებულ თანხას. ეს, ერთი შეხედვით გამჭვირვალეობის მანიშნებელი მოქმედება, შესაძლოა მათი თაღლითობის შესანიღბადაც კეთდებოდეს, რადგან, როდესაც ხდება ოფიციალური ჩეკის გამოწერა, არავის უჩნდება ეჭვი ამ ორგანიზაციის უკანონო ქმედებებზე. გარდა ამისა, 2 ან 5 ლარის დახმარების გაღების შემდეგ პრაქტიკულად გამორიცხულია ვინმე ამ ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერსდეს და მისი კეთილსინდისიერების გადამოწმება გადაწყვიტოს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაციები რეგისტრირებულია ფონდებად, ინდმეწარმეებად ან შეზღუდულ პასუხისმგებლობის საზოგადოებებად და მათი ფინანსური საქმიანობის შემოწმება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა. შესაძლებელია რომლიმე ორგანიზაციას მართლაც შეაქვს თანხები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეცსახსრებზე ან კონკრეტული ინვენტარით ეხმარება რომელიმე ბავშვთა სახლს, მაგრამ რთულია იმის დადგენა, რა თანხები შეაგროვეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარდაკარ მოსახლეობისაგან და ამ თანხიდან რა ნაწილი მოახმარეს ქველმოქმედებას.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი:
_ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც დადიან კარდაკარ და აგროვებენ თანხებს, საერთოდ რა ბუღალტერიას აწარმოებენ და ვინ არიან არავინ იცის. ბუნებრივია, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ორგანიზაციები მართლაც რომ რომელიმე პანსიონატის ან ბავშვთა სახლის დასახმარებლად აგროვებდნენ თანხებს, ჩვენ არ მიგვიცია მათთვის უფლება, რომ ჩვენი სახელით კარდაკარ იარონ. ეს უკვე კანონის უხეში დარღვევაა. ჩვენი მუშაობის პრინციპი ის ნამდვილად არ არის, რომ ვიაროთ ხალხში და მათ დახმარება ვთხოვოთ. ჩვენი სტილი არის მოვაწყოთ ტელემარათონები ან გავაკეთოთ სხვადასხვა აქციები, რომლითაც მოვიზიდავთ ადამიანებს.
ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ჩვენ ხუთი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როცა კონკრეტული ორგანიზაციის სახელით ადამიანები კარდაკარ თანხებს აგროვებენ. ეს ორგანიზაციებია: `სათნოება " სათნოებისთვის", `ბავშვები " ჩვენი მომავალი", ქალთა საერთაშორისო ასოციაცია "თბილისი", მიუსაფარ ბავშვთა დახმარების ცენტრი "ბავშვთა სოციალური მომსახურების ცენტრი" და მოხუცთა, დედათა, მიუსაფარ ბავშვთა და ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარების ორგანიზაცია "დიდი იმედების ათწლეული". რამდენიმე ორგანიზაციაში გადავამოწმეთ ინფორმაცია იმის შესახებ, მართლაც აგროვებენ თუ არა თანხებს კარდაკარ მათი წარმომადგენლები. `ბავშვები _ ჩვენი მომავალის~ ხელმძღვანელმა კატეგორიულად უარყო მათი წარმომადგენლის ვინმესთან დახმარების სათხოვნელად მისვლა და გვითხრა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მათი სახელით სარგებლობენ. რაც შეეხება `ბავშვთა სოციალური მომსახურების ცენტრს~, მისმა ხელმძღვანელმა ნანა ხომასურიძემ და "სათნოება _ სათნოებისთვის" დირექტორმა დოდო ტატუაშვილმა დაგვიდასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები მოსახლეობაში კარდაკარ დადიან და ქველმოქმედებისთვის თანხებს აგროვებენ.
ეს ხუთი შემთხვევა არ არის იმ ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი, რომელთა სახელითაც მოსახლეობაში ქველმოქმედების მოტივით თანხებს აგროვებენ. როგორც ვხედავთ ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ორგანიზაციის სახელს რიგითი ადამიანები იყენებენ, ხოლო ზოგჯერ მართლაც ამ ორგანიზაციების მიერ ხდება შემოწირულობების შეგროვება. ფაქტია, რომ ერთიც და მეორეც კანონის უხეში დარღვევაა და სამართალდამცველების მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
და ბოლოს, როგორ უნდა მოიქვეს ადამიანი, თუ მას მართლაც სურს დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ან მოხუცთა პანსიონატებს? ამის შესახებ განმარტებას ისევ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი გვაძლევს:
_ დღეს ასეთი სისტემაა: მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს კურირებს ერთი რგოლი, რომელსაც აქვს სპეცსახსრების ერთი ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს თანხა და მიუთითოს, კონკრეტულად რომელი ბავშვთა სახლის დასახმარებლად სურს ამ თანხის გადარიცხვა. იმის შეთანხმებაც კი შეუძლია, ამ თანხით სკამის ყიდვა უნდა, მაგიდის, კომპიუტერის, სათამაშოს თუ ასე შემდეგ. თუ პირდაპირ ნივთებით ან ინვენტარით სურს ვინმეს დახმარება, ამ შემთხვევაშიც ჩვენ უნდა დაგვიკავშირდნენ და ჩვენ კონკრეტულად გვაქვს ინფორმაცია რომელ ბავშვთა სახლს და პანსიონატს რა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცენ თანხები იმ ადამიანებს, რომლებიც კარდაკარ დადიან და თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით აგროვებენ ფულს. ეს ის შემთხვევებია, როცა დიდი შანსია თქვენი ფული თაღლითთა ხელში აღმოჩნდეს.
ნათია ორველაშვილი