ვიდეოპაემნის განხორციელება უკვე ქუთაისის პრობაციის ბიუროდანაც შესაძლებელია. დღეიდან ქუთაისში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვიდეოპაემნის მეშვეობით შეხვდეს მსჯავრდებულს.
ვიდეოპაემნის ამოქმედებას ქუთაისში სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დაესწრო.
მინისტრის თქმით, ვიდეოპაემნის დანერგვა სრულიად ახალი სიტყვაა პენიტენციურ სისტემაში. ნოვაციური პროექტი საშუალებას აძლევს მსჯავრდებულს დისტანციურად თვეში სამჯერ ურთიერთობა იქონიოს მისთვის სასურველ ნებისმიერ ადამიანთან.
ვიდეოპაემანი არის საშუალება, რომლითაც მსჯავრდებულს ვიდეოტექნიკის მეშვეობით შეუძლია კონტაქტი იქონიოს პირთა შეუზღუდავ წრესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს მსჯავრდებულის თანხმობის საფუძველზე მასთან შეხვედრის საშუალება ეძლევა.
ვიდეოპაემანი პენიტენციურ სისტემაში 2011წელს, მსჯავრდებულის რეაბილიტაციისა და საზოგადოების ნებისმიერ წევრთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით დაინერგა.
ვიდეოპაემნის შემთხვევაში აღარ არის საჭირო სასჯელაღსრულების კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა, რადგან კავშირი დისტანციურია და ამგვარად, მოხსნილია მგზავრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.
ვიდეოპაემნის განხორციელება მხოლოდ პრობაციის რეგიონალურ ბიუროებში დამონტაჟებული სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა შესაძლებელი.
აღნიშნული პროექტი უკვე ხორციელდება №11 არასრულწოვანთა სპეციალურ და ქსნის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.