სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1400 წვევამდელით განისაზღვრა, სასჯელაღსრულების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში -1300, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კი 4891 წვევამდელით.
აღნიშნულ დაწესებულებებში 18-იდან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
ჯანდაცვის სამინისტრომ კი 10 დღის ვადაში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები უნდა განუსაზღვროს, რომლებშიც წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისთვის გაიგზავნებიან.
ამავე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა გაწვევის მთლიან პერიოდში უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.