სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა 10 აგვისტოდან იწყება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1400 წვევამდელით განისაზღვრა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში - 1300 წვევამდელით; თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა კი 4891 წვევამდელით.
თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. აასეთი მოქალაქეები უკვე ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კი 10 დღის ვადაში თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები უნდა განუსაზღვროს, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისთვის.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმმართველ ერთეულებს, ხოლო ქალაქ თბილისში რაიონებს დაეხმარება იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.