არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიმართვას უგზავნის.
მიმართვაში არასამთავრობოებო შეშფოთებას გამოთქვამენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო და ხათუნა კალმახელიძეს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"ბოლო პერიოდში საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, რამაც პატიმრების მდგომარეობა საპყრობილეებში მნიშვნელოვნად გააუარესა. კერძოდ, საკნები არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით. რიგ შემთხვეევბში პრობლემებია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რის გამოც ზაფხულის პერიოდში უფრო გაუსაძლისი ხდება პატიმრების მდგომარეობა. ამ ვითარებაში განსაკუთრებით გართულდა იმ პატიმართა მდგომარეობა, რომლებიც სასჯელს იხდიან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამასთან, კრიტიკულია იმ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები", - ნათქვამია მიმართვაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები და აღმოფხვრას ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რათა პატიმრებს შეექმნათ სასჯელის მოხდის ადამიანური პირობები.
მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი,"
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება", საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის, კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, კავკასიის ქალთა ქსელი, კავშირი ,,21-ე საუკუნე", ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საარჩევნო და პოლიტ-ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი.