სამედიცინო რეგულირების სააგენტო იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ჩვილის საქმის შესწავლას იწყებს.
დადგება თუ არა საჩხერის სამშობიარო სახლის ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი და დაეკისრება თუ არა მას სანქციები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალური სამსახურები სამშობიაროში მუშაობას დაასრულებენ.
იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩვილი ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის თბილისში საჩხერის სამშობიარო სახლიდან გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, ახალშობილს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა პაციენტის მშობლები და ნათესავები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ. ჩვილის ნათესავების მტკიცებით, საჩხერის სამშობიარო სახლის ექიმ-გინეკოლოგ ვაჟა ცირეკიძეს მათ საკეისრო კვეთის გაკეთება სთხოვეს, რადგან ნაყოფი 5 კილოგრამს იწონიდა, თუმცა ექიმმა მასზე უარი თქვა. საკეისრო კვეთა საბოლოოდ მაინც გაკეთდა, თუმცა ჩვილის გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა.