მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვერა დოლიძის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვს.
ბესელია მოსამართლეს არაეთიკურ და უკანონო მოქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის უფლებამოსილებებს აჭარბებს.
"ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძის ქმედება მოსამართლის ქცევის სტანდარტებს ცილდება და აშკარად ხელისუფლების ხელში ჯალათის ფუნქციის მატარებელია. იგი იხილავს აჭარის ტელევიზიასთან დაკავებული აქციის მონაწილეების საქმეს. საქმეზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით ჩავერთე, მაგრამ პირველი სასამართლო სხდომაზე პირველივე კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის, რომელიც ეხებოდა ადვოკატ პაპიძის მიმართ უსამართლო მოპყრობას, ვერა დოლიძეს ნერვებმა უმტყუნა და მოითხოვა დამეტოვებინა სხდომის დარბაზი. ამის შემდეგ მოსამართლე ვერა დოლიძემ კიდევ უფრო შეზღუდა დაცვის მხარე და ადვოკატი პაპიძე უკანონოდ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ პროცესიდან გააგდო და ბოლოს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს", - აცხადებს ბესელია.
მისივე თქმით, იუსტიციის საბჭომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რადგან მისი ქმედება განსასჯელების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის პირდაპირ გამოხატულებას წარმოადგენს.
"მივმართავ ადვოკატთა ასოციაციას, აღმასრულებებლ საბჭოს იმსჯელოს ამ საკითხზე, ასევე იუსტიციის საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისთვის. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერების უტყუარი მაგალითია", - აცხადებს ბესელია.