გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ჩადენის ფაქტზე შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის II რანგის ორი კაპიტანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზებარ ცინცაძემ და ტრისტან ჩანქსელიანმა, საპატრულო კატარღა ,,ტორნადო"-ს მეთაურ ლეიტენანტ ნუკრი მიქიაშვილის დახმარებით, მიითვისა მის გამგებლობაში არსებული, დიდი ოდენობით სამსახურებრივი დიზელის საწვავი.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
დაკავებული პოლიციელები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული დანაშაულისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.