კახეთში ბენზინგასამართი სადგურების მენეჯერები და მოსამსახურე პერსონალი დააკავეს, - იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". ოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა. საქმე ეხება მომხმარებლისთვის ბენზინის დაკლებას.
გამოძიების ინფორმაციით, მომხმარებელს ყოველ 20 ლიტრზე 1,5 ლიტრი საწვავი აკლდებოდა.
„ბენზინგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული მექანიზმი, რომელსაც უნდა განესაზღვრა საწვავის დოზირება, არასწორად იყო დამონტაჟებული და ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი მოტყუებული რჩებოდა", - აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიების ცნობით, მრიცხველებზე საწვავი და თანხა სწორად ფიქსირდებოდა, რეალურად კი ავტომანქანის ავზში ბევრად ნაკლები საწვავი ისხმებოდა.