თბილისის სააპელაციო სასამართლომ ებრაელი მსჯავრდებულების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა. მათ მსჯავრი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის შეთავაზებისათვის დაედოთ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის ზეევ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, დამატებითი სასჯელის სახით კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. რონი ფუქსს კი თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 500 000 ლარი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა. პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გამართლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის სრულყოფილი განხილვა გაიმართა. ზეპირი მოსმენის დროს სასამართლომ გამოიკვლია ახალი მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხა დაცვის მხარის მიერ მოწვეული დამატებითი მოწმეები. დაკითხული მოწმეებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.