საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებული საიდუმლო მასალების ნაწილი გამოაქვეყნა. პროკურატურამ გამოაქვეყნა სატელოფონო საუბრების სქემაც, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ადასტურებს ქურაბ ქურციკიძის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს („გრუ") წარმომადგენლებთან მის კავშირს.
„აღნიშნულ პირებს აღმოაჩნდათ ასევე პრეზიდენტის სასახლისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების სქემები, რომლებსაც არ ვაქვეყნებთ სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩხრეკის შედეგად, ირაკლი გედენიძეს აღმოაჩნდა ინფორმაცია 2011 წლის 4-6 ივლისს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელთა და შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" მუშების სრული სია: მათი სახელები და გვარები, დაბადების თარიღები, საცხოვრებელი ადგილები", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკის შედეგად, გიორგი აბდალაძეს აღმოაჩნდა 2011 წლის 13-14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელდარ მამედიაროვის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების ოფიციალური სტენოგრამული ჩანაწერები, ასევე საქართველოს მოქალაქეთა სიები, რომლებიც მუშაობენ გაერო-ში, ეუთო-სა და ევროსაბჭოში.
„აღსანიშნავია, რომ გედენიძისა და აბდალაძისგან ამოღებული დოკუმენტების ასლები ინახებოდა ზურაბ ქურციკიძესთანაც, რომლებიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა, ქურციკიძეს აღმოაჩნდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებათა მუდმივმოქმედი გეგმები", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინებით (#3965/11-ს), ამოღებული და დადგენილი იქნა ზურაბ ქურციკიძის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან (99 496255) განხორციელებული ზარები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დადგენილი თანამშრომლების სერგეი ოკროკოვის ტელეფონის ნომერზე - 99 987426 და ანატოლი სინიცინის ტელეფონის ნომერზე - 99 954162. ის ასევე აქვეყნებს სატელოფონო სქემასაც.
„ქურციკიძეს აღნიშნული ნომერი (99 496255), რომელიც 2004 წლის ივნისიდან რეგისტრირებული იყო ქ. გორის მცხოვრებ, 1938 წელს დაბადებულ მედეა ჩანგალაძეზე, მისცეს რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა. მოგვიანებით, 2006 წლის აპრილიდან, ქურციკიძემ ეს ნომერი თავის სახელზე გადაიფორმა. ზემოთ მოცემული ნომრების (99 987426, 99 954162) ოკროკოვსა და სინიცინზე კუთვნილებას ადასტურებს 2005 წელს ჯაშუშუობაზე აღძრული #051450 საქმის მასალებიც, სადაც აღნიშნული პიროვნებების მიერ ამ ნომრებიდან გაკეთებული სატელეფონო ზარების აუდიო ჩანაწერებიც არსებობს. ამავე საქმით, ანატოლი სინიცინს ბრალად ედება ქალაქ გორში 2005 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება და ჯაშუშთა ქსელის ხელმძღვანელობა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო სერგეი ოკროკოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იძებნება ჯაშუშობის გამო", - იუწყება პროკურატურა.