საქართველოს პროკურატურა დაკავებული ფოტორეპორტიორების ბრალეულობასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აქვეყნებს.
"ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების ბრალეულობა დასტურდება საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებებით: 1. ჩხრეკის შედეგები. ნაპოვნი იქნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან უკანონოდ მოპოვებული და გამოტანილი საიდუმლო დოკუმენტები. ბრალდებულთა საცხოვრებელი ადგილებისა თუ მათ საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკიდან ამოღებული საიდუმლო დოკუმენტაცია და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელთა გასაჯაროებული ნაწილი ასევე გამოქვეყნებულია ამავე ვებ გვერდზე; 2. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტოს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებთან ხშირი სატელეფონო კონტაქტის დამადასტურებელი ამონარიდები; 3. ადვოკატების თანდასწრებით ბრალდებულების მიერ მიცემული დეტალური აღიარებითი ჩვენებები", - ნათქვამია პროკურატურის საგანგებო განცხადებაში.
ბრალდება მიიჩნევს, რომ ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე წარსულში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა.
"საქართველოში რუსეთის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან საიდუმლო კავშირში მყოფი ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე სისტემატურად, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისაგან მიღებული მითითება-დავალებების შესაბამისად, უკანონოდ მოიპოვებდნენ და აწვდიდნენ მათ საქართველოს სახლემწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ირაკლი და ნათია გედენიძეები გარკვეული ანაზღაურების საფასურად, დახმარებას უწევდნენ ამ უკანასკნელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.