ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, დაკავებულ ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძეს ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
როგორც ანდრიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მან ქურციკიძეს სახეზე დაზიანებები რამდეჯერმე შენიშნა.
"ტანზე არ ვიცი ჰქონდა თუ არა დაზიანებები, მაგრამ ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში აშკარად შეინიშნებოდა სილურჯე და დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებები", - განმარტა ანდრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე დღეა ქურციკიძეს სახეზე სილურჯე ნაკლებად ეტყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება ახლა აღარ ხდება.
"ახლა ზურაც ამბობს, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა აღარ მიმდინარეობს", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ნინო ანდრიაშვილი დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატი იყო, რომელიც საქმეს დღეს ჩამოცილდა.