ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს, სავარაუდოდ, ბრალი შეუმსუბუქდება.
ასეთია მისი ადვოკატის, ლადო მაჭარაშვილის ვარაუდი, რომლის შესახებაც მან "ჯი-ეიჩ-ენს" თავად განუცხადა.
მაჭარაშვილი აბდალაძის სხვა ადვოკატებთან ერთად გლდანის მე-8 საპყრობილეში გამოძიების მხარესთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ შევიდა. როგორც ადვოკატმა განმარტა, დაცვის მხარეს მიეწოდება ინფორმაცია აბდალაძისთვის საბოლოო ბრალის შესახებ.
"დღეს მოხდება გიორგი აბდალაძისთვის საბოლოო ბრალის წაყენება. ის შეიძლება იგივე დარჩეს, შეიძლება დამძიმდეს ან შემსუბუქდეს, თუმცა ჩვენ მაინც ველოდებით, რომ უფრო შემსუბუქდება, რადგან აბდალაძემ "დანაშაული აღიარა" და გამოძიებასთან ითანამშრომლა", - განმარტა ადვოკატმა.