ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს "დაზუსტებულ ბრალს" დღეს წაუყენებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აბდალაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
"გვითხრეს, რომ 22 ივლისს, 09:00 საათზე უნდა ვიყოთ გლდანის მე-8 საპყრობილეში, სადაც გია აბდალაძეს "დაზუსტებულ ბრალს" წაუყენებენ. რა იგულისხმება "დაზუსტებულ ბრალში", - მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება, აღარ განუმარტავთ", - აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.
ცნობილი გახდა, რომ სამივე მათგანმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა.