საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას კიდევ ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 საპყრობილიდან გამოსულმა მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აბდალაძის მიერ პროკურატურისთვის გადასაგზავნად დაწერილ შესაბამის განცხადებაზე ხელი არც ერთმა ადვოკატმა არ მოაწერა, რადგან მათმა დაცვის ქვეშ მყოფმა საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გააკეთა.
"გია აბდალაძე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.მის სიტყვას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან იმყოფება საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ გვჯერა მისი ჯაშუშობის, ამიტომაც ვერ დავაკანონებდით საპროცესო შეთანხმების შესახებ მის განცხადებას, რის გამოც მასზე ხელი არც ერთმა ადვოკატმა არ მოაწერა", - განმარტა ბესელიამ, რომლის ვარაუდით, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, სავარაუდოდ, აღნიშნული ადვოკატების აცილება და სხვა დამცველების აყვანა მოხდება.