სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს, რამდენიმე გამომძიებელს და პროკურორს დაკითხავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, დაცვის მხარემ შესაბამისი შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.
მისივე განმარტებით, დაცვის მხრიდან საქმესთან დაკავშირებით სულ 65 მოწმე დაიკითხება, მათ შორის ბადრი ბიწაძის მეუღლე - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "სახალხო კრების" წარმომადგენლები გია ბურჯანაძე და გოგი ქავთარაძე, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე და სხვები...
გარდა აღნიშნული შუამდგომლობისა, დღევანდელ პროცესზე ბიწაძის დაცვის მხარემ ბრალდებულის მხარის მიერ წარმოდგენილი იმ მტკიცებულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, 26 მაისის ღამეს, აქციის დაშლის შემდეგ ტერიტორიის დათვალიერებისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იქნა აღმოჩენილი.
"დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარემ სასამართლოს მტკიცებულებები წარვუდგინეთ. ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, 26 მაისის ღამეს, აქციის დაშლის შემდეგ ტერიტორიის დათვალიერებისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იქნა აღმოჩენილი. საქმეში ეს "მტკიცებულება" აქამდე არ ჩანდა და ახლა რატომღაც მოულოდნელად გაჩნდა. ჩვენ მოვითხოვეთ მისი ბათილად ცნობა, თუმცა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა", - აღნიშნა ადვოკატმა.
ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა 29 ივლისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.