დაკავებული ფოტორეპორტიორების ადვოკატები პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების ოფიციალურად შეთავაზებას ამ დრომდე ელოდებიან.
"საპროცესო შეთანხმებაზე არაფერი ცნობილი. დაცვის მხარისთვის შესაბამისი შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი დაკავებულის, გია აბდალაძის ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ადვოკატები და მათ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ხელმოწერით დაადასტურონ.
"წინააღმდეგ შემთხვვევაში, მხოლოდ დაკავებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდება", - აღნიშნა ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ ლადო მაჭარაშვილისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გია აბდალაძე საპროცესო შეთანხმების შეთავაზების შემთხვევაში.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.