დაკავებული ფოტორეპორტიორებისთვის წაყენებული ბრალი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი დაკავებულის, გია აბდალაძის ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, დაკავებულებს ბრალი არასწორი მუხლით აქვთ წარდგენილი, რადგან შესაბამისი კანონმდებლობით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სუბიექტი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.
"ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სუბიქტი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ფოტორეპორტიორებს ბრალი არასწორი მუხლით აქვთ წარდგენილი. ის უნდა გადაკვალიფიცირდეს ან სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლად, ან სახელმწიფო ღალატის მუხლად. ბრალის გადაკვალიფიცირება აუცილებელია სამივე დაკავებული ფოტორეპორტიორის შემთხვევაში", - განმარტა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალის გადაკვალიფიცირება არ ნიშნავს მის შესუსტებას და პირიქით, გარკვეული მუხლის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა ის კიდევ უფრო დამძიმდეს.
რაც შეეხება უშუალოდ გია აბდალაძის მდგომარეობას, ის გლდანის მე-8 საპყრობილეში ადვოკატმა გუშინ მოინახულა და როგორც ლადო მაჭარაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ფიზიკურ ზეწოლაზე არ საუბრობს".
"გია აბდალაძე ზეწოლაზე არ საუბრობს. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას და ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვებს, ხომ არ იყო ის მუქარის საფუძველზე მიცემული ჩვენება, მან გვიპასუხა, რომ ყველაფერზე ღიად სასამართლო პროცესზე ისაუბრებს, - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.