ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ადვოკატი ეკა ბესელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენების სისწორის გადამოწმებას ითხოვს.
როგორც ბესელიას განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროა რამდენიმე ფაქტის გარკვევა, მათ შორის იმის, ნამდვილად იყო თუ არა გიორგი აბდალაძე ცხინვალში და მოხდა თუ არა იქ მისი დაკავება.
"მივმართავ გამოძიებას, უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით "კვირის პალიტრას", სადაც გიორგი აბდალაძე, მისივე განმარტებით, მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად. მისი ჩვენების სისწორის გადამოწმების მიზნით აუცილებელია რამდენიმე ფაქტის გარკვევა. მაგალითად 2002 წელს ნამდვილად იყო თუ არა დაკავებული გიორგი აბდალაძე ცხინვალში. ამ ფაქტების გადამოწმება ობიექტურობის დადგენას მოეხმარება. ამიტომ საჭიროა ჩვენ ყველამ ერთად დავადგინოთ სიმართლე", - აღნიშნულია ბესელიას განცხადებაში.
გიორგი აბდალაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე დათანხმება მას ცხინვალში მისი დაპატიმრებისას აიძულეს.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ჩვენება ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.