აშშ-ს საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მონაწილეობენ ერთობლივ სწავლებაში "Agile Spirit", რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლება 18 ივლისს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია გააღრმავოს ურთიერთქმედება სამხედრო დანაყოფებს შორის, დაეხმაროს მათ ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობების და უნარების გაზიარებაში; ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციებში ურთიერთგაძლიერებაში.
წვრთენებში მონაწილეობას იღებს რუმინეთში, კონსტანტაში ბაზირებული შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების 350 საზღვაო ქვეითი, ბესემერის გარეთ ბაზირებული ანტი-ტერორისტული ბატალიონი და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედრო.
"Agile Spirit" არის პირველი გეგმიური წვრთნა, რომელიც დაგეგმილია ერთობლივი სწავლების წლიურ ცხრილში. ის წარმოადგენს აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის პროგრამას, რომელიც ამზადებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში დისლოცირებისათვის საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების მხარდასაჭერად.
"ჩვენი საზღვაო ქვეითები მოწადინებულნი არიან გაიარონ წვრთნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, რათა განამტკიცონ უკვე არსებული მტკიცე პარტნიორობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის" - აცხადებს შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ნელსონ ს. კარდელა. "ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების მასპინძლობისათვის და იმ წვლილისათვის, რომელიც მათ შეაქვთ რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში."
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წვრთნას ვმასპინძლობთ, რადგან ორივე ქვეყნის სამხედროებს ერთად უწევთ მუშაობა, ერთობლივი წვრთნები მათთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია. იმედია დასახულ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს სწავლების ყველა მონაწილე"- აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიგი კალანდაძემ.
შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალები არის საზღვაო ქვეითების როტაციული განლაგება შავი ზღვის, ბალკანეთის და კავკასიის რეგიონებში. ისინი მუშაობენ პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან, რათა დაეხმარონ მათ სამხედრო უნარიანობის შექმნაში, დაამყარონ და შეინარჩუნონ სტაბილურობა რეგიონში და შეინარჩუნონ ხანგრძლივი პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანასთან.
ერთობლივი სწავლება "Agile Spirit" ოფიციალურად 1 აგვისტოს დასრულდება. 22 ივლისს ღია კარის დღე გაიმართება და ჟურნალისტებს შეეძლებათ საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნონ.