დღეს, 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს "ქართული პარტიის" დახმარებით შეტანილ სარჩელს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
„აღნიშნული დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. კერძოდ: 1 ჰა სახნავი მიწის ფასი განისაზღვრა 300-დან 1000 ლარის ფარგლებში, სათიბი მიწის -120 ლარით, ხოლო საძოვრის - 60 ლარით. ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონმა დაადგინა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი ფორმით პრივატიზებისთვის მოიჯარეს განცხადებით უნდა მიემართა სამინისტროსთვის არაუგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა", - იუწყება „ქართული პარტია".
„ქართული პარტიის" მტკიცებით, მთავრობის მიერ მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური ისე დადგინდა, რომ არც კი შეუსწავლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეთა ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს იმ პირობებში.
„როდესაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, სოფლად შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა და ამასთან, ბოლო წლებში, მოუსავლიანობის გამო, დანახარჯი მიღებულ შემოსავალს აღემატება. სოფლის მცხოვრებლები კიდევ უფრო მეტად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიწა შეისყიდონ და დგანან იმ საშიშროების წინაშე, რომ სოფელი დარჩება ერთადერთი საარსებო საშუალების - სათიბებისა და საძოვრების, ხშირ შემთხვევაში კი, სახნავი მიწების გარეშე. „ქართული პარტიის" დახმარებით შეტანილი სარჩელი შეიცავს მოთხოვნას, ფასები ისე განისაზღვროს, რომ გლეხს მიწის შესყიდვის შესაძლებლობა მიეცეს. 2011 წლის 4 ივლისს მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები და საჭიროდ მიიჩნია საქმეში მესამე პირებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეჯოს გამგეობის (რამდენადაც მოსარჩელე საგარეჯოში ცხოვრობს) ჩართვა.
პროცესი დღეისთვის, 18 ივლისისთვის გადაიდო", - აცნობეს „ჯი-ეიჩ-ენს" ქართული პარტიიდან.
„ქართული პარტია" ყველაფერს გააკეთებს, რომ გლეხი მიწის გარეშე არ დარჩეს და საარსებო საშუალება არ წაერთვას.