საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მომართვის, ასევე მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები შეისწავლა.
"შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური - რვა თანამშრომელს", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ შს სამინისტრომ აღნიშნული მოკვლევის შედეგები სახალხო დამცველს გააცნო.