თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყალბი პლასტიკური ბარათების ჯგუფურად გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულების: არმენ სარქისიანის, ოგანეს ოგანესიანისა და კარენ კარაპეტიანის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არმენ სარქისიანი, ოგანეს ოგანესიანი და კარენ კარაპეტიანი დამნაშავედ ცნო დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 6-6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმის მასალების მიხედვით: 2011 წელს, ზემოაღნიშნულმა პირებმა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინეს თვრამეტი ცალი უცხოეთის ბანკების ყალბი პლასტიკური ბარათი.
2011 წლის 25 იანვარს, არმენ სარქისიანი, ოგანეს ოგანესიანი და კარენ კარაპეტიანი უკანონოდ შეძენილი ყალბი პლასტიკური ბარათების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან თბილისში ჩამოვიდნენ.
2011 წლის 26 იანვარს, არმენ სარქისიანი, ოგანეს ოგანესიანი და კარენ კარაპეტიანი მივიდნენ თბილისში მდებარე სხვადასხვა ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებში, სადაც მათ ყალბი პლასტიკური ბარათების საშუალებით, მაღაზიაში არსებული პოსტერმინალების გამოყენებით განხორციელებული უკანონო ტრანზაქციების საშუალებით, რამდენიმე მობილური ტელეფონის აპარატი და პორტარტული კომპიუტერი შეიძინეს.
ბრალდებულთა მიერ განხორციელებული უკანონო ,,ანგარიშსწორებები" შემჩნეული იქნა შესაბამისი ბანკის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2011 წლის 26 იანვარს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულნი იქნენ არმენ სარქისიანი, ოგანეს ოგანესიანი და კარენ კარაპეტიანი. ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა ყველა ყალბი პლასტიკური ბარათი და მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ნივთები.
ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ და გამოიყენეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, თუმცა სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით: ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მასალებით, სრულად იქნა დადასტურებული არმენ სარქისიანის, ოგანეს ოგანესიანსა და კარენ კარაპეტიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება.