საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლო სხდომებს.
„საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძის და ნათელა გედენიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის საჯაროობა და გამჭვირვალეობა. კერძოდ, საქმე სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს სხდომებს. პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, დახურულ სხდომაზე განიხილოს მხოლოდ მტკიცებულებათა ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.