სამოქალაქო მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია გლდანის # 8 საპყრობილეში იმყოფება და მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი აბდალაძეს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. ბესელიასთან ერთად იმყოფება „სოლიდარობა უკანონო პატიმრების" ადვოკატი ვლადიმერ მაჭარაშვილიც. ისინი საპყრობილეში დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.