შპს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გია წულაძის მკვლელობაში ბრალდებულებს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ქმრის მოკვლის შეკვეთისთვის გიორგი წულაძის მეუღლეს, ინგა წულაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, საქმის უშუალო შემსრულებელს ზურაბ სოლომნიშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა, საქმეში შეუამავალს ელენე თუშიშვილს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„2009 წელს, აპრილის თვეში, ოჯახური კონფლიქტის გამო, ინგა წულაძემ მისი მეუღლის გიორგი წულაძის მოკვლა გადაწყვიტა. ის თავისი მოახლის ელენე თუშიშვილისა და მდგმურის ზვიად საყვარელიძის საშუალებით დაუკავშირდა ზურაბ სოლომნიშვილს, ვინც 5000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დასთანხმდა ინგა წულაძის მეუღვლის მოკვლას. აღნიშნულმა პირებმა შეიმუშავეს გეგმა და ზურაბ სოლომნიშვილს მიაწოდეს ინფორმაცია გიორგი წულაძის გადაადგილების შესახებ. იმავე წლის 29 აპრილს, მიღებული ინფორმაციის თანახმად სოლომნიშვილი ჩაუსაფრდა გიორგი წულაძეს და ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სასიკვდილო ჭრილობა", - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს სპიკერ - მოადგილე თამარ ალანიამ.