სასამართლომ ამჟამად ძებნაში მყოფ თორნიკე გიგოლაშვილს, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 წლით თავისუფლების აღკეთა განესაზღვრა, საიდანაც ერთ წელს მოიხდის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. თორნიკე გიგოლაშვილის მიმართ განსაზღვრული საჯელის ათვლა დაიწყება სამართალდამაცი ორგანოების მიერ მისი დაკავების მომენტიდან.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალის მიხედვით, 2010 წლის ნოემბერში თორნიკე გიგოლაშვილმა ტელეფონის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი კენჭაძის მეგობარ გოგონას, რამაც მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.
"აღნიშნულ ინციდენტს მოჰყვა ე.წ. ,,ქუჩური გარჩევები", რა დროსაც ახალგაზრდები სასტიკად გაუსწორდნენ ერთმანეთს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებული შუღლი ამ შემთხვევით არ დასრულებულა. კენჭაძის მიმართ შურისძიებით განმსჭვალულმა თორნიკე გიგოლაშვილმა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა გადაჭრილი სანადირო თოფი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. ის ელოდებოდა შესაბამის მომენტს, როდესაც საშუალება მიეცემოდა და გიორგი კენჭაძეს გაუსწორდებოდა. 2010 წლის 30 დეკემბერს გიგოლაშვილმა შეიტყო, რომ კენჭაძე მეგობრებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ისინი ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ. გიგოლაშვილი თავის არასრულწლოვან მეგობართან ერთად მივიდა და ისე, რომ მათ შორის არანაირი საუბარი არ შემდგარა, ცეცხლსასროლი იარაღი კენჭაძეს დაუმიზნა და მისი მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა. კენჭაძე ადგილზე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მისთვის ცნობილი იყო, რომ კენჭაძის მკვლელობა ჩაიდინა გიგოლაშვილმა, შეგნებულად არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში და არც არაფერი იმოქმედა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირის მხილების მიზნით, რითაც ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენას", - აღნიშნულა საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
გამოძიების დასრულების შემდეგ, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.
"სასამართლო განხილვისას არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, გიგოლაშვილის ბრალეულობა დადასტურებულ იქნა თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით", - იუწყება სასამართლო.