დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთის ზურაბ ქურციკიძის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არის ისეთი დეტალები, რომლის გასაჯაროვება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ შეიძლება. როგორც ნინო ანდრიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის ქურციკიძეს გლდანის #8 საპყრობილეში რამდენიმე წუთის წინ შეხვდა.
„ქურციკიძემ გააკეთა ზეპირი განცხადება, რომლის თანახმადაც ის თავს უდანაშაულოდ თვლის და ბრალს არ აღიარებს. ის ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა მას. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საქმის დეტალებზე", - განაცხადა ანდრიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.