თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორი ნათელა გედენიძე გირაოს, 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
როგორც სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, "ჯაშუშობაში ბრალდებულ ნათელა გედენიძის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით".
"თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულების: ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ხოლო ბრალდებულ ნათელა გედენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. ბრალდებულებს ბრალად ედებათ ჯაშუშობა, ესე იგი უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა.
სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძეს და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულების თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ისინი შესაძლოა მიემალნონ გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძონ დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალონ საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას.
ამავე საქმეზე, ასევე ჯაშუშობაში ბრალდებულ ნათელა გედენიძის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო - 10 000 ლარის ოდენობით",-ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრერელიზში.