საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან.
"გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ ა.სინიცინთან და ს.ოკროკოვთან",_ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
შს სამინისტრო ასევე იუწყება, რომ გამოძიებით, ასევე დადგენილია ზურაბ ქურციკიძის კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც დაკავებული პირები სწორედ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციებს.
"კერძოდ, მატერიალური ანაზღაურების საფასურად ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძესთვის , რომლიც თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა. ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის პირადი ნივთების ჩხრეკისას და მათ კომპიუტერში არსებული მასალების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსაურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების თაობაზე, ასევე სხვა საიდუმლეობის შემცველი ინფორმაციები.", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე ახალი დეტალების დადგენის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ნათია გედენიძე ამჟამად განთავისუფლებულია.