თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი აბდალაძის ადვოკატმა, რევაზ ჩინჩალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 1-ელ სექტემბერს დაიწყება. ეს პროცესიც იქნება დახურული.
გიორგი აბდალაძე მოითხოვდა, წინასწარი აღმკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ჩინჩალაძის განცხადებით, სხვა დაკავებულებმაც მოითხოვეს გირაოს შეფარდება, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) 6 ივლისს დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნათია გედენიძე კი, მოდულის შენობიდან წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პირობები ჯერ უცნობია.
ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.