კიევის ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნაში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, 37 წლის კობა შემაზაშვილი დააკავეს. შემაზაშვილი კრიმინალურ წრეებში "კობა რუსტავსკის" ზედმეტსახელად იყო ცნობილი.
ადრე ნასამართლევი რუსთავში დაბადებული კობა შემაზაშვილი მეორე ქარველი ე.წ. კანონიერი ქურდის, ასევე რუსთაველი ლაშა შუშანაშვილის "მარჯვენა ხელად" ითვლება. სწორედ ლაშა შუშანაშვილმა შეუწყო ხელი მის ე.წ. კანონიერ ქურდად კურთხევას.
კონსპირაციის მიზნით, ქურდებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს მათ "რუსთავი-1"სა და "რუსთავი -2"-ს უწოდებენ.
გასული წლის მარტში ჩატარებული საერთოევროპული სპეცოპერაცია "ჯავას" დროს რუსთაველები სასწაულებრივად გადაურჩნენ დაპატიმრებას. ლაშა საბერძნეთში დაიმალა, კობამ კი დონეცკს შეაფარა თავი, სადაც რამდენიმე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო უკვე შეკრებილი გიორგი ხმელიძის, იმავე "ხმელოს" ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ ორივე მათგანზე ძებნა გამოცხადდა.