რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრმა სერგეი ლავროვმა სომხურ მხარეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების რუსეთის წინადადებები გადასცა. წინადადებათა პაკეტი სერგეი ლავროვმა თავის სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს შეხვედრისას გადასცა.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჯ სარგსიანმა პირობა დადო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გადაცემულ წინადადებებს შეისწავლის. დღესვე სერგეი ლავროვი ამ წინადადებებს აზერბაიჯანულ მხარეს გადასცემს.
სერგეი ლავროვი ერევანში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა, დღესვე იგი ბაქოში გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დავალებით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ 24 ივნისს აზერბაიჯანისა და სოხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის ყაზანში გამართული შეხვედრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა, უშედეგოდ დასრულდა. ისინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ვერ შეთანხმდნენ.
შეგახსნებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც უმეტესად სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. 1991 წელს სტეპანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის შესახებ განცხადება გაკეთდა. ამის შემდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც ძალაში ზავი შევიდა, შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის ირგვლივ მდებარე შვიდ რაიონზე.