დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთს გია აბდალაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბრალის წაყენების ვადა ხვალ იწურება.
„დღეს შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას. ის მშრალ შიმშილობას განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჩინჩალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ. ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს ბინები კი გაჩხრიკეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.