დაკავებული ფოტორეპორტიორების მდგომარეობას მონიტორინგს სახალხო დამცველიც უწევს. ომბუდსმენის რწმუნებულები უკვე შეხვდნენ ოთხივე დაკავებულს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაკავებულები აცხადებენ, რომ არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ მათთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ კი მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ გააჩნიათ.
"არანაირ ზეწოლად არ განიცდიან, მათ მიმართ არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იზოლატორის ადმინისტრაციასთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვთ. საყოფაცხოვრებო პირობებიც იზოლატორში ნორმალურია. ადვოკატებმა მოინახულა ორი მათგანი დღის პირველ ნახევარში. ექიმმა მოინახულა დაკავებულები შესვლისთანავე და არანაირი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივად არ აღინიშნება", _ აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ ბრალი. ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს ბინები კი გაჩხრიკეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.
მასალის გამოყენების პირობები