დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთი, გია აბდალაძე, აცხადებს, რომ მანამდე გააგრძელებს მშრალ შიმშილობას, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" აბდალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა. ჩიქოვანმა მოდულის შენობაში შეხვედრა აბდალაძესთან სლ ცოტა ხნის წინ დაასრულა.
„მოგეხსენებათ, რომ დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმეს გრიფი „საიდუმლო" დაედო. ამიტომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის გახმოვანების უფლება არ მაქვს. აბდალაძე მშრალ შიმშილობას აგრძელებს. მას 06:00 საათის შემდეგ წყალი და საკვები არ მიუღია. მისი თქმით, მას თავისი ქვეყნისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, აბდალაძე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შეგახსნებეთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.